შვილის გაჩენის გადაწყვეტილება ზოგისთვის უზარმაზარი ნაბიჯია, ზოგისთვისაც უცაბედი გადაწყვეტილება.
სიმართლე რომ ითქვას, თუ ბევრს იფიქრებ, სწორი დრო არასოდეს იქნება. ყოველთვის იქნება ხელის შემშლელი მიზეზები, რაც გადაგაფიქრებინებს. ამ მიზეზებს ყოველთვის არ უნდა შევუშინდეთ, თუმცა ქვემოთ ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს, რომელზე დაფიქრებაც ღირს.
ამ შემთხვევაში ფინანსურ და მენტალურ მზაობას გამოვყოფდი.
შემოსავალი
ბავშვის გაჩენა და აღზრდა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მითუმეტეს საქართველოში მცხოვრებისთვის. დაზღვევის შემთხვევაშიც კი ყველაფერი არ ანაზღაურდება.
თვითონ ორსულობა აუარებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული: მეანთან სიარული, ანალიზების ჩაბარება, წამლების შეძენა (თან ჩვენთან ძალიან გვიყვარს რაც შეიძლება მეტი წამლის გამოწერა), ექოსკოპიები, რომლებიც საკმაოდ დიდი სიხშირით კეთდება მთელი ორსულობის განმავლობაში…
მერე თვითონ მშობიარობა ცალკე ხარჯია, ფიზიოლოგიურად რომ იმშობიარო, გაუტკივარების გარეშე, ეგეც ხარჯთანაა დაკავშირებული და ყოველი დამატებითი ჩარევაც ფასს ზრდის.
მერე ბავშვი რომ დაიბადება, საფენები სჭირდება, რომლებიც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზოგი მრავალჯერად საფენებს იყენებს, თუმცა ესეც ასევე ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყველაზე იაფი გამოსავალი დაბადებიდან უსაფენო აღზრდაა (ზოგი მოსასაქმებლად გადაყენებას დაბადებიდან აჩვევს ბავშვს), თუმცა ეს მეთოდი არანორმალურად შრომატევადი და ინფორმაციაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ნაკლებად მოიპოვება.
საფენების გარდა, არის შანსი, რომ ბავშვს ხელოვნური კვება დასჭირდეს. მითუმეტეს საქართველოში ექიმებივე ძალიან უხეშადაც უბიძგებენ ახალბედა დედებს ხელოვნური კვების გამოყენებისკენ. ასეც რომ არ იყოს, ლაქტაცია იოლი პროცესი არ არის და ყველას ვერ კვებავს შვილს ძუძუთი. მე, მაგალითად ვერ შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიაში ძუძუთი კვებისკენ უფრო მოუწოდებენ ექიმები დედებს, ლაქტაციის კონსულტანტსაც გიგზავნიან სახლში და ყველანაირ პირობას გიქმნიან საამისოდ. და ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური კვება საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე ისლანდიაში – მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქვეყანაში.
ხარჯები ჩვილობაში არ სრულდება, ბავშვის ასაკთან ერთად ხარჯებიც იზრდება – ძიძა, ბაღი, სკოლა და მათთან დაკავშირებული ხარჯები ზოგჯერ საკმაოდ სოლიდურ თანხას აღწევს.
შენი და შენი პატრნიორის მენტალური მზაობა
მშობიარობაც და შვილის ყოლაც მენტალური ჯანმრთელობას უზარმაზარ დარტყმას აყენებს და წყვილის ურთიერთობაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. საქართველოში სექსუალური განათლების არ არსებობის გამო ხშირად ქალებსაც არ ესმით რა გამოწვევების წინაშე დააყენებთ მათ ჰორმონების უზარმაზარი ცვლილება, რაც ორსულობას და ბავშვის გაჩენას ახასიათებს. მამაკაცები ხშირად პარტნიორის მშობიარობის შემდეგაც ვერ იგებენ, რა მოხდა პარტნიორები ახსნას ვერ უძებნიან ორსულის ან მათი შვილის დედის ხასიათის ცვლილებას ან სექსისადმი ინტერესის დაკარგვას. ამ დროს შეიძლება უარყოფილად იგრძნონ თავი, ეს ყველაფერი კი ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.
აქვე აღვნიშნავ, რომ თანაცხოვრების დაწყებიდან მინიმუმ 1 წელს დაცდას ვურჩევ ყველას ორსულობის დაგეგმვამდე, ზუსტად ზემოთ ჩამოთ აღნიშნული მიზეზის გამო.
მე, მთელი ჩემი ინფორმაციული მზაობით, მაინც არ ვიყავი მზად უძილობისთვის და მითუმეტეს პირველი 3-4 კვირისთვის. უძილობა ის არაა 1, 2 ან თუნდაც 3 დღეს რომ უძილოდ გადააბამ. ეს არის განუწყვეტელი ღვიძილი და ხან ბავშვის ჭმევა, ხან საფენის გამოცვლა და ხანაც გაურკვეველი მიზეზით მტირალის დამშვიდება (სხვათაშორის, მიზეზი ყოველთვის არის ახალშობილებში, უბრალოდ მიგნება უნდა მიზეზს). მთლად უარესი – კოლიკი ან გულძმარვა თუ აწუხებს, საერთოდ ვერ მოახერხებ ძილს. და ეს ყველაფერი მარტო პირველი თვე არ გრძელდება.
უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ მშობიარობის შემდეგი დეპრესია საკმაოდ საყურადღებო თემა. ის არც იოლი გადასატანია და ზოგ შემთხვევაში წლებიც შეიძლება გასტანოს უყურადღებობის შემთხვევაში. გააფრთხილე პარტნიორი ან ახლობელი ადამიანი, რომ ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში პროფესიონალთან გაგიშვან დახმარებისთვის.
ზოგს დეპრესია ორსულობის პერიოდშიც აწუხებს. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალს უნდა მივმართოდ. რომ განვმარტო, პროფესიონალში ფსოქლოგი ან ფსიქიატრი იგუსხმება.
გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ბავშვი დაიბადება, ყველას მოუნდება შენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა და დაუკითხავად რჩევების მოცემა. ეს ყველაფერი შეიძლება ცოტა უფრო გამაღიზიანებელი იყოს თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, რადგან შესაძლებელია ეს რჩევები შეუჩერებლად მოედინებოდეს. ამისთვისაც მზადყოფნაა საჭირო. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მშობლების დახმარების უზომოდ მადლიერი იქნები.
Leave a comment