როდესაც დავორსულდი, ბებიაქალმა ჩვილების უსაფრთხოების კურსი მირჩია, რომელიც ისლანდიაში უფასოა, ძალიან კარგი მიზეზით – ჩვილებისთვის ყველაზე მცირედი შეცდომაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.
ამ შემთხვევაში ძილის უსაფრთხოებაზე ვისაუბრებ, რადგან ბევრმა არც იცის, რომ ქვემოთ რაზეც დავწერ საფრთხის შემცველია.
ძილის უსაფრთხოების საძირკველი არის ის, რასაც safe sleep ABC-ს ეძახიან:
Alone – მარტო
Back – ზურგზე
Crib – ბავშვის საწოლში

სათითაოდ განვმარტავ:
მარტო – იგულისხმება, რომ არაფერი ზედმეტი საწოლში არ უნდა იყოს საწოვარას გარდა. არც საბანი ან დასაფარებელი, არც სათამაშო – არაფერი. ზედმეტი ნივთები ბავშვისთვის საფრთხის შემხველია, რადგან შეიძლება სახეზე დაეფაროს და გაგუდოს. საბანი და სხვა დასაფარებელიც ასევე ადვილად შეიძლება სახეზე გადაეფაროს ბავშვს. თუნდაც ზეწარი, რომელიც კარგად მორგებული არაა საწოლზე (როგორც წესი, რეზინით მოჭერილს ურჩევენ – fitted sheet) შეიძლება ბავშვს სახეზე გადაეფაროს ან ნაოჭი გაიკეთოს, რომელიც სახეზე დაეფარება. საბნის ნაცვლად, სპეციალურ საძილე ტომრებს ურჩევენ, რომელიც ოთახის ტემპერატურის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული (რომ ბავშვს არ შესცივდეს და არც გადახურდეს). ბალიშს არც ვახსენებ, მგონია, ყველამ იცის, რომ ჩვილისთვის ბალიში სრულიად არასაჭირო ნივთია.
ზურგზე – საუბარია, სანაბ ბავშვი თავისით გადაბრუნებას დაიწყებს, არავითარ შემთხვევაში გვერდზე და მუცელზე არ დააწვინოთ ძილისთვის. ბავშვს ზურგზე წოლის გამო თავი არ გაუბრტყელდება, ეს იმ შემთხვევაში უფრო მოხდება, თუ ღვიძილის დროს მუცელზე წოლაში არ ავარჯიშებთ, რომ თავის დაჭერა ისწავლოს.
ბავშვის საწოლში – საწოლები, რომლებიც უსაფრთხოების ტესტირებას გადიან, ზუსტად ჩვილის უსაფრთხოებაზეა მორგებული – გვერდები ჰაერ გამტარი აქვს (ან რიკულებიანი) და მყარი ლეიბი მოყვება, რომელის ლოგინის ზომას ზუსტად ერგება. მყარი ლეიბი აუცილებელია, რომ ბავშვი თუ გადაბრუნდა, ლეიბის სიმყარე მას სუნთქვის საშუალებას მისცემს. ლეიბები, რომლებზეც ჩვენ, ზრდასრულები ვწევართ, ზედმეტად რბილია საამისოდ.
აქვე მინდა აღვნიშნო ბავშვის გახვევა, ე.წ. swaddling, რომელიც ახალშობილისთვის ძალიან მოსახერხებელია, რომ ხელების აქნევის რეფლექსით თავი არ გაიღვიძონ. ძალიან საფრთხილოა სწორად შეხვევა, რომ არც ზედმეტად უჭერდეს ეს ბავშვს და არც ზედმეტად თავისუფლად იყოს, რომ ძილისას მოეშვას და სახეზე წაიფაროს გასახვევი. ამჟამად არსებული გაიდლაინების მიხედვით, შეხვევა უნდა შეწყდეს, როდესაც ბავშვი 8 კვირის გახდება, ან როდესაც გადაბრუნებისთვის მზაობის ნიშნებს გამოავლენს ჩვილი.

დღესდღეობით ძალიან ბევრ არასაჭირო და საფრთხის შემცველ ნივთს შეხვდებით მაღაზიებში, რაც თითქოს ჩვილისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. ამ ნივთების უმრავლესობას უსაფრთხოების შემოწმება არ აქვს გავლილი. მაგალითად, ჩვილის ბალიში, რიკულებზე შემოსარტყმელი რბილი ქსოვილი, რბილი ჩასაწვენი და ათასი რამ. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მათ შვილს კომფორტულად ეძინოს (ან ზოგადად ეძინოს), თუმცა მსგავსი ნივთებისკენ რომ გაგიწევთ გული, ჯერ უსაფრთხო ძილის ABC გაიხსნეთ – აკმაყოფილებს ნივთი მაგ სტანდარტებს? თუ პასუხი არის არა – არ იყიდოთ.
რახან გადაბრუნება ვახსენე, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა გადასაბრუნებლად, ან არ უცდია აქამდე, მაინც სიფრთხილე გმართებთ – ზოგი ბავშვი შემთხვევით გადატრიალდება ძალიან ადრე, განსაკუთრებით საფრთხილოა პირველ კვირებში, როდესაც ბავშვებს newborn curl (ახალშობილის მოკუნტვა) ახასიათებთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის საწოლთან კედელზე არ უნდა ეკიდოს არაფერი, მათი ჩამოვარდნის და ბავშვის დაზიანების საშისროება არსებობს.
ბავშვის ლოგინი ფანჯრისგან უნდა იყოს დაშორებული 1 მეტრით, რომ თუ ფანჯარა გატყდა ან გასკდა (თურმე ასეთებიც ხდება) ნამსხვრევები ბავშვს არ მოხვდეს და არ დააზიანოს.
რაც მთავარია, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ – მშობლები ყურადღებით ვიყოთ. ამისთვის კი 4 საათიანი უწყვეტი ძილი აუცილებელია. პირველ რამდენიმე კვირაში ეს შეუძლებელი იქნება თუ ბავშვი ძუძუზეა, თუმცა მნიშვნელოვანია პარტნიორი, ან ვინმე ახლობელი შეგენაცვლოთ ხოლმე, რომ საკმარისად დაისვენოთ, ბავშვზე საზრუნად და მისი უსაფრთხოების დასაცავად მშობლების დასვენებაც აუცილებელია. აქვე აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულება არა მხოლოდ დედისთვის, არამედ პარტნიორისთვისაც, რომ ურთულეს პირველ კვირებში ერთად იზრუნონ ბავშვებს და ერთმანეთს შეენაცვლონ.
ოდესმე ცალკე პოსტს დავწერ იმაზე, თუ რატომ სძინავთ ბავშვებს უკეთ საფრთხის შემცველ მდგომარეობაში. Spoiler alert: იმიტომ, რომ თანდაყოლილი თავდაცვითი მექანიზმი მოდუნებულია მაგ დროს.
Leave a comment