როდის დავორსულდები?

აი, როგორც იქნა, შენ და პარტნიორმა გადაწყვიტეთ, თქვენი ოჯახი ერთით გაზარდოთ და რა თქმა უნდა, გგონია, რომ მაშინვე დაორსულდები, ჯანსაღი ადამიანი ხარ და ნახევარ მცდელობაზევე მიახლი პატრნიორს სასიხარულო ამბავს, თუმცა პირველი თვე გადის და ორსულად ჯერ (!) არ ხარ. ეს ადამიანი მე ვიყავი, როცა პირველად შვილის ყოლა გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა მაშინვე გუგლს მივმართე კითხვით, რააამდენი ხანი უნდა ველოდოთქო. პასუხით რომ არ დავკმაყოფილდი, გინეკოლოგს მივმართე.

ჩვეულებრივ, ჯანსაღი წყვილის შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში დადასტურდება ორსულობა თუ მათ რეგულარულად აქვთ სქესობრივი კავშირი კონტრაცეპტივების გარეშე. რეგულარული სქესობრივი კავშირი ნიშნავს 2-3 დღეში ერთხელ კონტრაცეპტივების. 1 წლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აჯობებს სპეციალისტს მიმართოთ (ქალმა – გინეკოლოგს და მამაკაცმა – უროლოგს).

ამ ვადაზე გავლენა შეიძლება იქონიოს ჯანმრთელობის მდგომარეობამ და ასაკმა. მაგალითად, 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მცდელობიდან ნახევარ წელიწადში ურჩევენ გინეკოლოგთან ვიზიტს.

რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი ყოველთვის მიზანშეწონილია ჩვენთვის (უროლოგის ამბავს ვერ გეტყვით, არ ვიცი), შესაბამისად ორსულობის დაგეგმვისას რიგითი ვიზიტისას შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს ექიმს თუ არის რამე, რაც უნდა გაითვალისწინოთ. თქვენი გინეკოლოგი ყველაზე უკეთ დაგაკვალიანებთ თქვენივე ჯანმრთელობიდან გამომდინარე.

ფოლიუმის მჟავას და რიგ ვიტამინებს ყველას ურჩევენ, თუმცა თუ რაიმე წამალზე მიდგება საქმე, ენდეთ მხოლოდ თქვენს გინეკოლოგს, რომელიც კარგად იცნობს თქვენს ჯანმრთელობას. საქართველოში ზოგ ექიმს უაზროდ ბევრი წამლის დანიშვნა უყვარს, უსაფუძვლოდ, ასე რომ თუ ეჭვი შეგეპარათ, გადაამოწმეთ.

გინეკოლოგთან/რეპროდუქტოლოგთან ორსულობამდე ვიზიტის შემთხვევაში საქართველოში ხშირად სიმსივნურ წარმონაქმნების არსებობასაც ამოწმებენ, რადგან ორსულობის ჰორმონები ხელს უწყობს მათ ზრდას.

ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მინდა გითხრათ, რომ როდესაც მე აქ (ისლანდიაში) ჩემს გინეკოლოგს მივაკითხე მცდელობის დაწყებისას, უბრალოდ შეამოწმა საკვერცხეები თუ ნორმალურად მუშაობდნენ და მითხრა, ერთი წელი სცადე და თუ არაფერი გამოვა, მერე მომაკითხე თავიდანო. არანაირი დამატებითი ანალიზები და წამლები არ დაუნიშნავს.

Comments

Leave a comment