მშობიარობა

სიტყვის ხსენებაც კი ბევრისთვის თავზარდამცემია და სტრესს იწვევს. თვითონაც, როდესაც შვილის ყოლა გადავწყვიტე, ყველაზე ძალიან მეშინოდა მშობიარობის და ხშირად ვფიქრდებოდი, მიღირს თუ არა ამხელა საშინელების გამოვლად შვილი.

ძალიან ბევრი წავიკითხე, აუარებელი რაოდენობის ვიდეოები ვნახე და პოდკასტები მობისმინე და ბევრი თვის მერე დავრწმუნდი, რომ (გაგიკვირდებათ და) მშობიარობა ბუნებრივი მოვლენაა და არც ისეთი საშინელი, როგორიც მეგონა. თუ საშუალება არის, ფიზიოლოგიური მშობიარობა ბავშვისთვისაც ძალიან სასიკეთოა და დედაც უფრო მალე დგება ფეხზე, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში.

ისლანდია ამაყობს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობების უმრავლესობა ჩარევის გარეშე ხდება და მსოფლიოში მოწინავეა მაგ მხრივ. ანუ, ნაკლები საკეისროები, ნაკლები ჩაჭრები, ნაკლები ეპიდურალური გაყუჩებებიც კი, და შედეგად ჯანსაღი ბავშვი.

საქართველოში საკეისროების რაოდენობა სავალალოდ მაღალია. ამ ბოლო დროს ექიმები ალაპარაკდნენ ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე და რა თქმა უნდა, ბრალი ყოველთვის ქალზე ვრცელდება. გამოდიან ტელევიზორებში და თითს დედებისკენ იშვერენ, ისინი ირჩევენ საკეისროებს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ამ ბლოგს თუ კითხულობ, უკვე კი გეცოდინება, რომ ძალიან ხშირად ზუსტად ექიმები მოუწოდებენ ორსულებს საკეისროსკენ. ხან ყველაზე ბნელ მიზეზს მოძებნიან, ხანაც ბოლო წუთს არ დაუტოვებენ სხვა გზას.

თუნდაც პირდაპირ არ ურჩიონ, მშობირობის შესახებ იმდენად დაბალი ცნობიერებაა, ყველას გული უსკდება და არც ექიმები ირჯებიან მისი ამაღლებისთვის.

ხო, სხეულისთვის ჯობია ფიზიოლოგიური მშობიარობა, მაგრამ მტკივნეული რომაა? რომ იხევიან? ზოგს რომ სისხლდენა არ უჩერდება? ბავშვს რომ ჭიპლარი ჰქონდეს შემოხვეული? და ათასი საზარელი ისტორია გახსენდება, თუმცა ამაზე პასუხი იშვიათადაა.

აქვე ვიტყვი, რომ ქალი როგორ მშობიარობასაც აირჩევს, მისი საქმეა _ მისი სხეულია, თუმცა არჩევანის გაკეთებისას საკმარისი ინფორმაცია მინდა რომ ჰქონდეს ყველას, თავისთვის სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

თავიდან რომ დავწერე, ბუნებრივი მოვლენაათქო, უბრალოდ სიტყვად არ მითქვამს. იმდენად ბუნებრივი მოვლენაა მშობიარობა, რომ ჩვენი საშოები შექმნილია იმისთვის, რომ საკმარისად გაიწელოს ბავშვის გამოსასვლელად. ხო, ვიცი, იკითხავთ, თუ ბავშვი ზომაზე დიდია, მაშინ რა ხდებაო? ნუ ნერვიულობთ, ბავშვი ზომაზე დიდი არ გაიზრდება. მაგალითისთვის ჩემი შვილის თავის ზომა 1 თვის ბავშვის ზომის იყო და თითქოს ეგ არ იყო საკმარისი, სუპერმენის პოზაშიც დაიბადა (ხელი თავზე), რამაც თავის გარშემოწერილობა კიდევ უფრო გაზარდა.

– გაუჭირდა გამოსვლა? არა!

– ჩაჭრა დამჭირდა? არა!

– უკიდეგანოდ ჩამხია? არა!

რაც მთავარია, ამ გაფართოების შემდეგ ისევ იკუმშება. ასე რომ გაუნათლებელი მამაკაცების ძირითადი თემა საშოს სესახებ რომ მის სიფართოვეზეა მშობიარობის ან სხვა კაცთან წოლის გამო, ისეტივე აფსურდია, რომ თქვა, მამაკავის ასო ბევრი სექსით წვრილდებაო.

აქვე უნდა დავამატო, თუ საშო უწინდელ ფორმას ვერ უბრუნდება (რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა ბუნებრივი არაა) სპეციალიატის კონსულტაცია და სესაფერისი ვარჯიშებია საჭირო. ამაზე მოგვიანებით ცალკე დავწერ.

ამ პოსტში უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მშობიარობა არაა საშინელება და მეტი ინფორმაციით შესაძლებელია ფიზიოლოგიურ მშობიარობაში არასასიამოვნო ჩარევები ავირიდოთ თავიდან. მომავალში ბევრ პოსტს დავწერ ამ თემაზე და და ვეცდები, ამ თემაზე ცნობიერება ავამაღლო, რომ როგორი მშობიარობაც არ უნდა აირჩიოთ, ინფორმირებული იყოს ეს არჩევანი თავისი პლიუს-მინუსების გათვალისწინებით.

Comments

Leave a comment